logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს
- +

30 ივლისი. 2021. 12:26

 

 

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს.

 

„თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა გასული წლის ივნისში ეკონომიკის კლება 7.7 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე 9 პროცენტზე მეტად აჭარბებს პანდემიამდე - 2019 წლის ივნისის მონაცემს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მაჩვენებელიც 6 პროცენტით აღემატება პანდემიამდე 2019 წლის იანვარ-ივნისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ივნისში, აპრილ-მაისის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ოპტიმალურად გათვლილმა სტრატეგიამ.

 

„გვახსოვს, როგორი ზეწოლა იყო პრემიერ ღარიბაშვილზე და მთავრობაზე ოპოზიციის თუ ცალკეული ბიზნესინტერეს ჯგუფების მხრიდან, როცა ეკონომიკის ერთიანად გახსნას ითხოვდნენ და ეკონომიკის ჩამოშლასთან ერთად, დაკარგული სამუშაო ადგილების და ბიზნესის გაკოტრების მრუმე პერსპექტივით აპელირებდნენ. რაც მთავარია, ტურისტულმა ინდუსტრიამ იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდევი იყო, რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. ისიც გვახსოვს, ოპონენტები ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირების პაკეტებს როგორ აპროტესტებდნენ, ფულის ჰაერში გადაყრად აფასებდნენ და ეკონომიკის ლამის მთლიან გადაწყობას მოითხოვდნენ. მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ შექმნა პოზიტიური მოლოდინები ბიზნესისთვისაც, რამაც მაღალ ზრდასთან ერთად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ლარის კურსის გამყარებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყო ხელი. დღეს, მიუხედავად კოვიდპანდემიის ახალი შემოტევისა, რასაც, ჩვენ გარდა, მთელ მსოფლიოში ვხედავთ, ამოცანა დგას არა ახალ „ლოქდაუნზე“, არამედ - ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ასეთი სწრაფი ტემპით გაჯანსაღება იმ კუთხითაც არის აღსანიშნავი, რომ, ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე, მან ეკონომიკაზე მიზერული ზეგავლენა იქონია.

 

„ეს თავად ამ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალების განულებულ ფაქტორზე უფრო მიუთითებს. ამიტომაც არის, რომ პარტიული ტელევიზიების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, ვერც საპროტესტო მუხტი ასწიეს და ვერც საერთო სახალხო პროტესტს დაუდეს სათავე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, მარტიდან მოყოლებული პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის ცვლილების რეალური მაჩვენებელი დადებით ტრენდზეა გასული, ხოლო აპრილ-მაისშიც უპრეცენდენტო, ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად 44.8 პროცენტიანი ზრდა აპრილში და 25.8 პროცენტი მაისში. ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, იანვარ-ივნისის კუმულატიური ზრდის ტემპი ორნიშნა ციფრზეა გასული და 12.7 პროცენტს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner