„ქართული საზოგადოების უმრავლესობის გეზი და არჩევანი შეუთავსებელია ულტრალიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ დასავლურ "ფასეულობებთან" - და ამისთვის ვისჯებოდით, გვსჯიან და დიდი ალბათობით, დაგვსჯიან შემოდგომაზეც“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა რაღა ვქნათ? გინდ გენდერული, გინდ ეროვნული წარმომადგენლობით - "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, წინა წლებთან შედარებით გაცილებით მრავალფეროვან სურათს გვიქმნის. "თავსატეხი" კი მხოლოდ იმაშია, რომ 65-ვე არჩევნებს იგებს. იგებს პირველივე ტურში. რაც, დიდი ალბათობით "დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად" ჩაგვეთვლება. როგორ ვიცხოვროთ ამის შემდეგ, რა ჯანდაბას გადავეყაროთ - ამაშია საქმე. ქართული საზოგადოების უმრავლესობის გეზი და არჩევანი შეუთავსებელია ულტრალიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ დასავლურ "ფასეულობებთან" - და ამისთვის ვისჯებოდით, გვსჯიან და დიდი ალბათობით, დაგვსჯიან შემოდგომაზეც.
არა და, "ქართული ოცნების" კონკურენტებს ხომ გათვითცნობიერებული აქვთ - რომ არჩევნები წაგებულია, მაგრამ მათ სისხლში პატრიოტიზმის ერთი წვეთიც რომ ჩქეფდეს - ხომ შეეძლოთ 65-ვე მერობის პოზიციაზე წარედგინათ თანაბრად, LGBTQ -ს კლასიფიკაციის მიხედვით: 13 ლესბოსელი, 13 გეი, 13 ბისექსუალი, 13 ტრანსგენდერი და 13 ის... მომიტევეთ ჩემი "გოიმობა", აი Q რომ არის და დღემდე რომ ვერ ვხდები, ეგენი ვინ არიან, რას აკეთებენ და როგორ.
წინასწარ წაგებულ თამაშში რომ შედიხარ - ხომ შეგეძლო საქართველო მსოფლიო დონეზე დემოკრატიის არნახული დონით მაინც "გესახელებინა", არჩევნებში მონაწილე ესოდენ მრავალფეროვანი წარმომადგენლობითი შემადგენლობით. წარმოიდგინეთ - სენატორების, ევროპარლამენტარების აღფრთოვანებული შეფასებები! რაც შეეხება შედეგებს - წელს ხომ ოლიმპიური წელიწადია, ყველასთვის ცნობილი დევიზით: მთავარი მოგება კი არა - მთავარი მონაწილეობაა.
ესეც შენი მშვენიერი კომპენსაცია და სახელმწიფოსთვის შურისძიება იქნებოდა არშემდგარი "ღირსების" მარშისთვის - ვერავინ ვერ გაუბედავდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს "ბულინგსა" თუ "დაჩაგვრას". დავიჯერო - ცისარტყელას დროშით გაერთიანებულ 15-პარტიულ ოპოზიციურ ოჯახში, 65 რჩეული LGBTQ-უეშნიკი ვერ მოიძებნებოდა? რა ყველა მაგარი იდეა ჩვენ უნდა მიგასწავლოთ...“, - წერს ქართველიშვილი.