ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია. მასთან ერთად სასტუმროს საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე გაეცნო.
სასტუმრო „მაგნოლიას“ შენობას, რომელიც ქუთაისში ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს, პანდემიის მიუხედავად, სასტუმროს ნომრების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. სტუმრებს შორის ევროპელი ტურისტები სჭარბობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გრძელდება, სასტუმრო „მაგნოლია“ მაღალ დონეზე მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, რომლებიც დროს კომფორტულად ატარებენ და ეს სასტუმროს დატვირთვასაც ეტყობა - სასტუმროში 27 ნომერია და აქედან 80 პროცენტი, როგორც წესი, ათვისებულია. სასტუმროში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. მსგავსი მცირე და საშუალო სასტუმროები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმის მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ასეთ ტურისტულ ობიექტებს ყოველთვის გვერდში დავუდგებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სასტუმრო „მაგნოლიას“ პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მაქსიმალურმა ჯამურმა თანხამ 445 000 ლარი შეადგინა. სასტუმროს სრული რეკონსტრუქცია 2019 წელს დასრულდა, თუმცა პანდემიის გამო მან ამოქმედება მხოლოდ 2021 წელს შეძლო.