პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება.
ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: ფინანსური ნაკადები კიევიდან მოდის? -კობახიძემ უპასუხა: „როგორც ამბობენ ხოლმე „თბილა“, ცნობილი თამაშიდან, შეიძლება „ცხელა“ კიდეც. ხო, ნიშნები ამის მკაფიოდ არის!“
„ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა საქართველოში თებერვალში. იქაც გვაქვს ლოგიკური დასკვნები ჩვენ ინფორმაციაზე დაფუძნებით. ლოგიკური დასკვნები ძალიან კარგად უკავშირდება დაფინანსების წყაროებსაც“, - აღნიშნა კობახიძემ.
დეტალებზე კობახიძეს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ „ამის დროც მოვა“.
„მარტივი კითხვა მინდა დავსვა - აქამდე ხომ გასწევს ეს პარტია ხარჯებს? ოფისები აქვთ, რეკლამაში ფულს ხარჯავენ, „ფეისბუქზე“ არეკლამებენ. თქვენ იცით ვინ არის ამის დამფინანსებელი? მათ აქვთ დეკლარირებული მაგალითად, რომ პარტიაში ფულის შემტანები არიან მათივე დეპუტატები, რაც ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად დაფინანსების წყარო აბსოლუტურად სხვა არის. ფული აქვთ, რაც ვერ იქნება რამდენიმე ადამიანის, პოლიტიკოსის მხრიდან. ყველას შეუძლია დაფიქრდეს, ვინ არის ეს წყარო. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია გვაქვს და რაღაც მომენტში ამის გასაჯაროებაც არ იქნება ცუდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.