მმართველი გუნდის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გაუქმების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტეს სახელისუფლებო პარტიაში. „ქართული ოცნების“ განცხადებით ისინი აღარ აპირებენ მსგავსი ტიპის შეთანხმებაში დაბრუნებას მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელს აღნიშნულ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს.
„შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოეწერა ხელი, 28 ივლისს კი „ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ენმ“ ამ თვეების განმავლობაში არ გახდა ხელმომწერი.