logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს
- +

2 აგვისტო. 2021. 10:54

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს.

 

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდში არც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე შეთანხმება შედგებოდა.

 

„ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომ ყველა საკითხში შეუთანხმებლობა იყოს. ისეთი კანდიდატურა წარმოადგინეს, რომელსაც პარალელური დათვლის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ორგანიზაციას. ასე რომ, თავიდანვე არ ყოფილა შეთანხმების სურვილი. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებსაც არაფერი დაეწუნებათ. აბსოლუტურად მოგონილი აბსურდია, რომ ისინი თითქოს კავშირში არიან „ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს. კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკო-ში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.

 

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე შეუთანხმებლობის გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner