logo_geo
eng_logo
დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება
- +

2 აგვისტო. 2021. 12:28

 

 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს ვარეგისტრირებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მიზანია, დაჩქარებული წესით, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, კერძოდ, მის 28-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უკავშირდება. საქმიანობის შედეგად, გამოვავლინეთ, რომ, მოქმედ კანონმდებლობაში, ზომების ჩამონათვალი საკმაოდ მწირია. ვფიქრობთ, მას ორი პუნქტი უნდა დაემატოს. ერთის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში, კომისიის წევრს 1-დან 2 წლამდე საქმიანობის უფლება შეეზღუდება, მეორის მიხედვით კი, კომისიის თანამდებობის პირი, იქნება ოლქისა თუ უბნის წარმომადგენელი - თავმჯდომარე, მოადგილე თუ მდივანი ამ პოზიციიდან გათავისუფლდება და კომისიის რიგითი წევრი გახდება. ამასთან, რიგ შემთხვევაში, ჯარიმები საკმაოდ მწირია. აქცენტი გვექნება 87-ე მუხლზე, რომელიც ოქმის ჩასწორებას ითვალისწინებს. მასში 500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ჩვენი ინიციატივით, სანქცია გაორმაგდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, დაგეგმილი ცვლილებები მისაღებია.

 

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სექტემბერში, დაჩქარებული წესით განიხილავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner