logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: კონკრეტული ტელევიზია თემას იგონებს, რომ ამაზე ატეხოს აჟიოტაჟი - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, „ვაიმე“ და გამოვიქცეთ?
- +

2 აგვისტო. 2021. 12:54

 

 

„თუ ვინმეს აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მოსმენა და ფარული მიყურადება არასამართლიანად ხდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, თუმცა, მე მგონია, რომ ეს არის გამოგონილი საქმე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუს-ის ჩანაწერებს ეხება.

 

მისივე თქმით, ფარულ მიყურადებას, მოსმენას და თვალთვალს აქვს თავისი საკანონმდებლო ჩარჩო და მოსამართლის ბრძანების ფარგლებში ეს შესაძლებელია.

 

„თუ მოსმენა არაკანონიერია, არსებობს სასამართლო და შესაძლოა, მიმართოთ. ეს მოგონილი თემაა, რომლის აწევაც უნდათ და გადაფარვა სხვა თემებით, თუ ვინმეს აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს ხდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, თუმცა მე მგონია, რომ ეს არის გამოგონილი საქმე. როდესაც კონკრეტული ტელევიზია გამოვა და ნებისმიერ თემას გამოიგონებს იმისთვის, რომ ამაზე ატეხოს აჟიოტაჟი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, „ვაიმე“ და გამოვიქცეთ? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ამასთან, კითხვაზე: არის თუ არა დარწმუნებული, რომ მისდამი ფარული მიყურადება არ მიმდინარეობს, დავითულიანმა ასე უპასუხა; „ნეტავ, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს“.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner