logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა
- +

2 აგვისტო. 2021. 13:24

 

 

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

მანამდე საპარლამენტო უმრავლესობამ სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის მანდატის დაწყების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ ნიშნავს.

 

28 ივნისს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ივნისს ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.

 

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53.91% მიიღო და პარლამენტში 71 მანდატი ექნება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 21.09% (29 მანდატი), ხოლო საარჩევნო ბლოკმა „მაქვს პატივი“ - 5.22% (7 მანდატი) მიიღო.

 

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე არ დააკმაყოფილა სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner