„ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მოქალაქეებს ხარისხიან მედიკამენტებზე მარტივი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, ამისათვის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც უნდა შეიცვალოს.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მექანიზმები, რომელმაც შეიძლება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გამოიწვიოს, ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება.
„ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მოქალაქეებს ხარისხიან მედიკამენტებზე მარტივი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, ამისათვის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ასევე მთელი რიგი პროგრამების ფარგლებში ფინანსდება მედიკამენტები იმისათვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ქრონიკული დაავადებების მართვის შესაძლებლობა.
მექანიზმები, რამაც ჩვენ შეიძლება მოგვცეს მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საშუალება, რეგულირდება ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაწყებული აქვს მუშაობა ჯანდაცვის კომიტეტთან ამ მიმართებით. ამას კიდევ ღია, გახსნილი კონსულტაციები დასჭირდება. მიმდინარე პროცესია და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო სახით ჩამოყალიბდება რა მიმართულებას ვიღებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.