„რადგან ამათ კახი კალაძე არ უნდათ და ირაკლი ღარიბაშვილის წასვლასაც ითხოვენ, ღარიბაშვილი უნდა წავიდეს და კალაძემაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს?“ - ამის შესახებ მსახიობმა იმედო კახიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე მთაწმინდის პარკში მომვარდა ვიღაც ჟურნალისტი - აქ რომ მოხვედი, არ გეთაკილებაო? რატომ უნდა მეთაკილებოდეს? მე ვინც მომწონს, მხარი იმას უნდა დავუჭირო!
ცხადია, მწყინს ახალგაზრდა კაცის დაღუპვა, ნეტავ, ეს არ მომხდარიყო. ვინც პროტესტს გამოხატავს, იმათგან ერთსაც კი არ უთქვამს, რა დაგვემართა, რატომ ვერ დავიცავით ეს ახალგაზრდა, საღ აზრს მოვუხმოთო... არავითარი სინანული ამ ტრაგედიაზე, პირიქით, მგონი, ფიქრობენ, ნეტა 10 დაღუპულიყო, მეტ აჟიოტაჟს ავტეხდითო. თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ ამ ტრაგედიაში, რაღაც შეგვეშალა, ვერ გავუფრთხილდით ჩვენს ახალგაზრდებს...
ჩათვალეს, რომ ამის გამო პრეზენტაციაზე მისვლით თავი უხერხულად უნდა მეგრძნო... რატომ, გამოძიება არ დამთავრებულა.
რადგან ამათ კახი კალაძე არ უნდათ და ირაკლი ღარიბაშვილის წასვლასაც ითხოვენ, ღარიბაშვილი უნდა წავიდეს და კალაძემაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს? გაიგონ — კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს! ამათი მიზანი კი ქვეყნის არევაა, „ტვ პირველი“ დაქირავებული ადამიანებით ცდილობს სიტუაციის დაძაბვას — ჩემთვის ისინი ჟურნალისტები არ არიან. თავიანთ უფლებებზე რომ ლაპარაკობენ, მე რატომ მილახავენ უფლებას, ჩვეულებრივად გავიარო და ცხვირთან არ მომიტანონ ეს მიკროფონი!“ - განაცხადა იმედო კახიანმა.