logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, „სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად, ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“ გამოიყენონ
- +

2 აგვისტო. 2021. 15:44

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად, ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“ გამოიყენონ.

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია განიხილეს, სამხარაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ტერმინის „სამხრეთ ოსეთი“ გამოყენება ხშირად ხდება, საქართველოს კონსტიტუცია და საკანონმდებლო სივრცე კი, ასეთ ტერმინს არ იცნობს.

 

„ეს ტერმინი საბჭოური გადმონაშთია, რომელიც სტალინისტური პოლიტიკის შედეგია. 1924 წელს შეიქმნა და პირველად გამოჩნდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე კომუნისტური სახელების გადარქმევა ხდება. ყველა დიდ ქალაქს, რომელსაც კომუნისტური ტიპის სახელი ჰქონდა, სახელი ყველა სახელმწიფოში გადაერქვა. საბჭოთა მემკვიდრეობიდან დარჩენილია ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იყენებენ. მინდა მოვუწოდო ყველას, მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, გამოიყენონ ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“, რაც არის ჩვენი კანონმდებლობით გაწერილი.

 

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს, აუცილებლად შეცვალონ ტერმინით „ცხინვალის რეგიონი“. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით ყველამ ერთად ვიმუშაოთ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner