„ბოლო პერიოდში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას იყენებდა პოლარიზაციისთვის, პოლიტიკური ტემპერატურის უფრო აწევისთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა, სწორი ნაბიჯია ხელშეკრულებიდან გასვლა“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი თვითონ გააკეთებს შეფასებებს.
„შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ მას სურდა ამ მოლაპარაკებების მონაწილეებისგან მოესმინა პოზიცია, მათ შორის, ჩვენგანაც ხელშეკრულების ანულირებასთან დაკავშირებით. მე მოვახსენე ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა არ ყოფილა იმისთვის, რომ რაიმე კრიტიკა მოგვესმინა. საქართველოს პრეზიდენტს აინტერესებდა ჩვენი ახსნა, პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ხვდება მოლაპარაკების სხვადასხვა მონაწილეებს, რათა მან საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს. რაც შეეხება შარლ მიშელის პოზიციას, ჩვენ ეს ვნახეთ განცხადებაში, რომელიც მან გამოაქვეყნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების ორი მთავარი მიზანი იყო.
„ერთი იყო, იმ დესტრუქციის და საბოტაჟის დასრულება, რომელიც ჩვენ აპრილში გვქონდა და მეორე იყო, დეპოლარიზაცია, იმისათვის, რომ პარტიებს ბუნებრივ პოლიტიკურ რეჟიმში მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. პირველი მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება მეორე მიზანს, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერდა შეთანხმებას, ვერ მოხდა ეს დეპოლარიზაცია და არც ამის პერსპექტივა ჩანდა. სწორედ იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი არ ჰქონდა მოწერილი ვნახეთ, რაც ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვნახეთ, ხელახლა რომ აცხადებდა ბოიკოტს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ცალმხრივად ვალდებულების აღება რთულია, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, რაიმე სანქციების დაკავშირება 19 აპრილის შეთანხმებასთან, აბსურდია.