საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველსავე ტურში მოიგებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ჰყავდეს, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს იმ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, რაც წინა წლის განმავლობაში იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს კობახიძემ განუცხადა, მმართველი გუნდის ამოცანაა, მერების არჩევნები მოიგოს, რაც 64 შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
„ზოგ ადგილზე მეორე ტური გვჭირდება, ზოგს პირველსავე ტურში მოვიგებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ საკრებულოში უმრავლესობის დაკომპლექტება. მერების არჩევნების გარდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკრებულოს არჩევნების მოგება და უმრავლესობის მიღება იმისათვის, რომ დაბრკოლებები არ შეიქმნას მუნიციპალური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.