„ზუსტადაც რომ 2008 წლიდან დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობა და მნიშვნელოვანი საარჩევნო გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, რომ ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შესაბამისი აქტის ძალაში შესვლისთანავე ჩავერთო საარჩევნო პროცესებში და გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც როგორც მე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ გუნდს გააჩნია,“ - ამის შესახებ ცესკოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევას და ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია „არანაირ ძალისხმევას არ დაიშურებს“.
„ასევე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების განვითარება და გაძლიერება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება და მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში. ამასთან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ყველა დაინტერესებული მხარის საარჩევნო პროცესში ხელმისაწვდომობის და ჩართულობის უზრუნველყოფა დაწყებული პოლიტიკური გაერთიანებებიდან, გაგრძელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებით და ა.შ., რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ამ პირთა წრისთვის ხელმისაწვდომი იქნება დაგეგმვის, განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დადგენას. მნიშვნელოვანია უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება ამომრჩევლებისთვის, რათა მათ ზედმიწევნით ჰქონდეთ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო პროცედურების და რაც მთავარია, იმ საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია. პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81 მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა.
კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა სჭირდებოდათ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა.