„გუშინ გვქონდა შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ ჩვენ პირველ რიგში ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ,“ – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც შენობა განახლდება, ექსპონატები თავის ადგილს დაუბრუნდება.
წულუკიანის განცხადებით, 2022 წლიდან შესაბამისი ასიგნებები ეტაპობრივად გამოიყოფა.
„ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი ეს ექსპონატები დაბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის მანძილზე არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო. შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი, ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე. რაც შეეხება თვითონ ექსპონატებს, ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთქვით, რომ 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება, ვიდრე შენობა განახლდება, მოთავსდეს ეს ასეულობით ათასი ექსპონატი. ვვარაუდობ, რომ 6 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ვიტყვით, თუმცა ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას, ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, არ იქნება კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები“, – განაცხადა წულუკიანმა.