საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მმართველი გუნდის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებაა და არ გადაიხედება.
"19 აპრილის შეთანხმების ანულირება სამწუხაროდ იყო ერთადერთი სწორი და მართებული გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში, ისევე როგორც თავის დროზე ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო სწორი გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატარა პარტიას, რომელთა ელექტორალური მხარდაჭერა არის სულ 10%, ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა იმ პოლიტიკურმა ძალამ, ოპოზიციურმა მსხვილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც ისევე როგორც უმრავლესობა, ასევე იყო ვალდებული მთელი რიგი ნაბიჯები გადაედგა.
დოკუმენტი, რომელიც იყო გათვლილი დეესკალაციისკენ და დაძაბულობის შემცირებისთვის, პირიქით გახდა მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კიდევ უფრო მეტად გაეღრმავებინათ ეს უთანხმოება და საფუძველი გამხდარიყო კიდევ უფრო მეტი პრობლემების.
ჩვენი ქვეყანა დაბრუნდა კონსტიტუციურ ფარგლებში და ეს, რა თქმა უნდა, არის საბოლოო გადაწყვეტილება და ის არ გადაიხედება," - განაცხადა მათიკაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.