„რამდენიმე დღეში 13 წელი გახდება რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომლის მძიმე შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა გდღემდე უმკლავდება. სწორედ ამ დღეებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენი მტკიცედ არჩეული სამშვიდობო პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ; მეორე მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის, მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ,“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დღეს, ჩემთვის სიმბოლურია იმის აღნიშვნაც, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ვიკავებ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას - ეს იყო, როგორც ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით უპრეცედენტოდ რთული წელი, რამაც ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ახალგორის რაიონში, სადაც შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების ჩათვლით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი; რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას“, - განაცხადა ახვლედიანმა.