logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი - 85 კვალიფიციური ბიზნეს-პროექტის განაცხადი, რაც ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას
- +

3 აგვისტო. 2021. 15:18

 

 

„ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე,“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

 

„გამოწვევებით აღსავსე პანდემიური წლის მიუხედავად, ახლადამოქმედებული „მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს-პროექტების განხორციელების დინამიკის გათვალისწინებით, ამ მოკლე პერიოდში, უკვე მეორე საგრანტო კონკურსი ჩატარდა - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი - 85 კვალიფიციური ბიზნეს-პროექტის განაცხადი, რაც ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის მთავრობებსა და საელჩოებს ფონდის ფინანსური მხარდაჭერისთვის. გამომდინარე მზარდი ინტერესიდან მომავალ წლებში, ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროთ ვაჭრობის ხელშეწყობის პროცესი და უკვე უზრუნველვყოთ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომაც, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის, DCFTA-ს ფარგლებში.

 

რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, დაიხვეწება ამ მიმართულებით ამოქმედებული მექანიზმები, გაუმჯობესდება ახალგაზრდების წვდომა განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის პროფესიულ და საზღვარგარეთ განათლებაზე.

 

ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებელთათვის შემუშავებული და ხელმისაწვდომი, მათ შორის ნეიტრალური-სტატუსის სერვისების მიღების გასამარტივებლად, ვგეგმავთ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნას  აფხაზურ და ოსურ ენებზე.

 

გაძლიერდება მთავრობის ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელთათვის, როგორც ხარისხიანი ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებზე წვდომის გაუმჯობესების, ასევე ადგილზე, მოსახლეობის სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საჭიროებებზე რეაგირების  მიმართულებით.

 

მეორე მხრივ, გამყოფი ხაზის სოფლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები, რაც გააძლიერებს ჩვენს რეგიონებს და მათ გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს. სოციალურ დატვირთვასთან ერთად, ეს არის ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner