აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს.
აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში, ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა.
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში, 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული. ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის ხუთ ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია.
მიმდინარე კვირას, მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაცია დამატებით ოთხ ამბულატორიაში მიმდინარეობს.
დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზებაც. მოზარდებისთვის საწოლები მობილიზდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდმართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე - რეანიმაციული მიმართულებით.
გამწვავებული ეპიდვითარების ფონზე, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. 2 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11%-ს მიუახლოვდა. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.