„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, თუ გადავხედავთ IRI-ის მიერ დაკვეთილ კვლევებს, რომელსაც წლების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში IPM ახორციელებს და ნებისმიერ მათ კვლევას არჩევნების საბოლოო შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საკმაოდ დიდია ცდომილება.
„ჩვენ არგუმენტირებულად ვამბობთ, რომ არცერთი მათი ბოლო წლებში განხორციელებული შუალედური თუ არჩევნების წინა კვლევები, არ დამთხვევია იმ შედეგებს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ საარჩევნო ურნებთან გამოხატა. შესაბამისად, ვიცით, რომ ეს არის წინასწარ, ერთგვარად პროვოცირებული აქტივობა. მათი სურვილია, მათთან დაკავშირებულ რადიკალურ ოპოზიციას ხელი შეუწყოს. ამ შემთხვევაში გვაქვს, ასევე, ის თანხვედრა, რომ არა მარტო კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ დაკლებული პროცენტები ნაწილობრივ გადანაწილდა გახარიას გუნდზეც. ის ტანდემიც ძალიან კარგად იკვეთება ნაციონალებს და გახარიას შორის,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, არც წინა და არც დღევანდელი მონაცემი არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს.
„ჩვენ გვაქვს შიდა კვლევები, და შეგვიძლია ალოკაციის მეთოდით დავადგინოთ ის რეალური მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამაში ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნდება სულ რაღაც ორ თვეში, როდესაც არჩევნები ჩატარდება. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, ექნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების და საკრებულოს პროპორციული სიით წევრების არჩევასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.