logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ადამიანებს მობეზრდათ ნაცოპოზიციის და პარტიულ ტელევიზიებად ქცეული მედიის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი
- +

4 აგვისტო. 2021. 03:02

 

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – IRI კვლევის შედეგებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება.

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – IRI კვლევის შედეგები არაერთხელ გამხდარა მძაფრი პოლემიკის და უნდობლობის საგანი, არჩევნებამდე და არჩევნებზე დადებული შედეგების ცდომილებაც მაღალი ყოფილა. თუმცა ამ სახის კვლევები გარკვეულ ტენდენციებს ნამდვილად ასახავს.

IRI კვლევის შედეგები, რომელიც  2021 წლის 15–30 ივნისის პერიოდში ჩატარდა, მეტად საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ არ მოიცავს  5-6 ივლისიდან განვითარებული  მოვლენების პოლიტიკურად აქტიურ  პერიოდს.

რეალურად უკვე გამოკვეთილია სამი ძირითადი პოლიტიკური  ძალა, რომელიც თვისობრივადაც ცვლის ბოლო წლების პოლიტიკურ კონფიგურაციას. IRI–ის  შეკითხვაზე – რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს? ხმები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9% კი გიორგი გახარიას პარტიას.

ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტი, შედარებით ძველიც და ახალიც 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს თანაბრად ეხება ისეთ ამბიციამოძალებულ სუბიექტებს, როგორებიც-  ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ვაშაძის  „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ ხაზარაძის   „ლელოა“ , რომელთა რეიტინგი  2% ია და დაკლებულია თუნდაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგთან შედარებითაც, რაც მათი ნაციონალურ მოძრაობის სატელიტებად გადაქცევის და ფაქტიურად ობსტრუქციის ზღვარზე გამავალი პოზიციონირების მკაფიო ანარეკლიც არის!

წინა კვლევებთან მიმართებით, კვლავ მზარდ რეიტინგს ინარჩუნებს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ახალი პარტია -საქართველოსათვის, ისევე როგორც მისი პერსონალური რეიტინგი.

ნიშანდობლივია, რომ  IRI–ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას 61 პროცენტს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, რაც ასევე ასახავს გახარიას მაღალ პიროვნულ რეიტინგს და  იმედგაცრუებას არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ.  ადამიანებს მობეზრდათ ნაცოპოზიციის და მხარდაჭერილი პარტიულ ტელევიზიებად ქცეული მედიის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი აგებული დაპირისპირებაზე, მაღალ. პოლარიზაციაზე და ფეიკ ნიუსების გაუთავებელ ტირაჟირებაზე.

ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პოლიტსუბიექტების შემცირებული რეიტინგების და გახარიას მზარდი რეიტინგის ფონზე, მეტად დამაფიქრებელია მართველი პარტიის რეიტინგის ვარდნაც,  მიუხედავად ამ კვლევების სადავო ხასიათისა.   ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ოცნების პოლიტიკური მარკეტინგი გადაფასებას საჭიროებს. სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გახარიას  ნაციონალებთან ერთ პრიზმაში გატარება და იგივე პოზიციონირების არჩევა, ოცნებისათვის წამგებიანი იქნებოდა ელექტორალურადაც. დიდი ალბათობით გახარიასკენ არის გადახრილი ოცნების მხარდამჭერთა შედარებით ლიბერალური ნაწილი, ოცნებაზე გაბრაზებულ და არამიშისტურ  ელექტორატთან ერთად, რაც ისედაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.

ამ გამოკითხვის კიდევ ერთი მინიშნება ვადამდელ არჩევნებს უკავშირდება. გამოკითხულთა მხოლოდ 29% უჭერს  მხარს  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც ოპოზიციურ ნარატივს და იმედებს ვადამდელზე საეჭვოს ხდის. ვადამდელი, რომც დაინიშნოს ფაქტიურად განულებული რეიტინგების პირობებში ოპოზიციის შანსები მაინც მიზერულია, პარტიათა დიდი ნაწილი პარლამენტს მიღმა აღმოჩნდება, გახარიას შანსები კი პირიქით, კიდევ უფრო გაიზრდება  და ამომრჩეველს მათაც სერიოზულად წაართმევს.

არჩევნებამდე არა მგონია, ტენდენცია სერიოზულად შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისიდან განვითარებული მოვლენები გარკვეულ კორექტირებს შეიტანს. რესურსები ოცნებას თუნდაც ნაციონალებთან შედარებით, გაცილებით მეტი აქვს და ამ არჩევნებზეც გამოჩნდება, რომ მისი ჩამოწერა ჯერ კიდევ ნაადრევია.

ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია არათუ გარდაუვალი, არამედ შემდგარ რეალობადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ზოგადად კი რადიკალურად დაპირისპირებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა გაცილებით მყიფეა და მაღალი რისკების მატარებელია, ვიდრე სამპოლუსიანი და ეს ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმაც გვაჩვენა“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner