„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ბოლომდე, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობის გამო ვერ შესრულდა.
„პრეზიდენტის პოზიცია არის მისი კონკრეტული პოზიცია. ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და განმტკიცებული შესაბამისი არგუმენტაციით. არგუმენტაციის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ შეუძლებელია ხელშეკრულება არსებობდეს, მას ჰყავდეს ნაწილი ხელმომწერების და მთავარი აქტორი არ მონაწილეობდეს ამ პროცესში, არ უერთდებოდეს შეთანხმებას და ამავდროულად, ვინც შემოერთებულია, პირობების ნაწილს ასრულებდეს და ნაწილს არა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტი - მმართველი გუნდი, ასრულებდეს ამ პირობებს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.