ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება. პირველი ივლისიდან პარკირების ახალი სისტემა კიდევ რამდენიმე უბანში ამოქმედდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობს სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მერის თქმით, შეირჩა კონკრეტული ქუჩები, სადაც მოსახლეობას ექმნებოდა პარკირების პრობლემა და საპარკინგე სივრცეების მართვა რთული იყო.
კერძოდ, საუბარია შემდეგ ქუჩებზე:
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი;
სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი;
საბურთალოს რაიონში თქვენ იცით, რომ ზონალური პარკირება თავდაპირველად ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ, ესენია: პეკინის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ალ. ყაზბეგის გამზირი, დავით გამრეკელის ქუჩა, ადამ მიცკევიჩის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა, მიხეილ შავიშვილის ქუჩა, ვარლამ თოფურიას ქუჩა, მარიჯანის ქუჩა, დავით თავხელიძის ქუჩა, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა, ანა ანტონოვსკაის ქუჩა, მიხეილ ასათიანის ქუჩა, გიო ხუციშვილის ქუჩა, იონა ვაკელის ქუჩა, ტანძიის ქუჩა, ოთარ ჭილაძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა. ამჟამად კი დაემატა დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის ცინცაძის და ლორთქიფანიძის ქუჩები - ჯამში პარკირების 702 ადგილი;
რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 285 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.
საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლოთ რეგისტრაციის გავლა უფასო პარკირებისთვის, პირველი ივლისიდან ამოქმედდა და პირველ სექტემბრამდე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: 1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24; 2. მერაბ ალექსიძის ქუჩა N1; 3. ბახტრიონის ქუჩა N18; 4. ბახტრიონის ქუჩა N28; 5. სულხან ცინცაძის ქუჩა N28; 6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N18; 7. აბასთუმნის ქუჩა N8-ის მოპირდაპირედ; 8. სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N34); 9. ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა; 10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;
ზონალური პარკირების ღირებულება ერთი საათში ერთ ლარს შეადგენს.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ კერძო სატრანსპორტო საშუალებებით გადატვირთულ ქალაქში კომფორტულია ზონალური პარკირებით სარგებლობა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტში შესული ეს თანხა ხმარდება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.