1-ლი აგვისტოდან ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროექტი, რომელიც თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, მთელ თბილისში გავრცელდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„საზოგადოებას ალბათ ახსოვს საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა. პროექტი თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, წელს კი, 1-ლი აგვისტოდან ის მთელ დედაქალაქში გავრცელდა პილოტის პერიოდში მიღებული შედეგების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენს საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე და დილის 10:30 საათიდან დღის 5 საათამდე პერიოდებში გაიტანენ. ეს საშუალებას იძლევა, რომ დღის განმავლობაში შეიზღუდოს დაახლოებით 100 ერთეული სპეცტექნიკის გადაადგილება იმ პერიოდში, როდესაც დედაქალაქის ქუჩები ტრანსპორტით განსაკუთრებულად დატვირთულია.
ღამის რეჟიმზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს, გაცილებით ოპერატიულად გაიტანოს ნარჩენი და ექსპლუატაციიდან ამოიღოს გარკვეული რაოდენობის მოძველებული და ამორტიზებული ნაგავმზიდი მანქანები“, - აცხადებს კალაძე.