logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: დრო კიდევ გვაქვს!
- +

4 აგვისტო. 2021. 17:54

 

 

ადრე დავწერე: - როცა ქვეყნის შენება-განვითარებისათვის აუცილებელი ორი დარგი, პოლიტიკა და ჟურნალისტიკა განათლებას და ჩადენილ საქციელზე პასუხისმგებლობას ცინიზმით უყურებს, სახელმწიფო ვერ აშენდება!

 

ეს მარტო მე არ მითქვამს და რაც ყველაზე უფრო ცუდია, ამაზე საუბარი ორი-სამი წლის წინ არ დაწყებულა! ამასობაში კი წარმოუდგენელი უტიფრობით გაჯერებულმა, უკიდეგანო სიცრუემ და დემაგოგიამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ უფსკრულში გადაჩეხვამდე, ალბათ, ნაბიჯია დარჩენილი!

 

გარეგნულად, დღეს ამ ყველაფრის ავანგარდი `თავისუფლების~ მანტიაში გახვეული სრულიად უწიგნური ქართული `მედია~ და ოპოზიციად წოდებული, უბადრუკი „ეროვნული“ პოლიტიკაა!

 

ვითომ? თუ ესენი მხოლოდ ნებისმიერ ფულზე დაყაბულებული, სინდის-ნამუსზე ხელაღებული შემსრულებლები არიან და ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული?! მეეჭვება, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, თუნდაც ერთი დღე გაიხსენოს ვინმემ, ომის, მიტინგის, საპროტესტო აქციის, რევოლუციური მოწოდების, მთავრობის შეცვლისა და კაცმა რომ არ იცის რატომ - შიმშილობის აქციის გარეშე!

 

არც ეს ხდება უმიზნოდ და თავისით!

 

მიუხედავად გარეგნული, პარიტეტულად დეკლარირებული ურთიერთობებისა, რა გასაკვირია, რომ ამის ფონზე ვიღაცამ სერიოზული ეჭვით გადახედოს შენთან პარტნიორობის პერსპექტივას?!

 

მიზანიც ეს არის! ვიღაცამ ყველაფრის ფასად, საკუთარი ნებით ათქმევინოს დასავლეთს საქართველოსთან ურთიერთობაზე უარი. ამის მსურველი არასოდეს გვაკლდა და არც დღეს გვაკლია! სხვა საქმეა, რომ ამ სურვილის რეალიზაცია აქაური, ორ კაპიკს დახარბებულების ხელით ხდება! როგორ გინდა ტაში დაუკრა კაცმა ამის მომფიქრებელს, მაგრამ ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურები საოცრად ნიჭიერად იყენებენ ქართველი საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემას, რომელსაც ეროვნული ტრადიციების, ცხოვრების წესის ხელყოფის შიში ჰქვია! ამას „ემსახურებოდა“ 5-6 ივლისის კარგად დაგეგმილი და გააზრებული სპეცოპერაციაც!

 

შედეგი?! ციხეში ჩაყრილი, ეროვნულ იდეალებზე წაქეზებული გულწრფელი ადამიანები და დასავლეთის თვალში კიდევ ერთხელ, ველურ ქვეყნად გასაღებული საქართველო!

 

აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ ამ ბიჭების წამქეზებლები ისე გაიპარნენ თბილისიდან და ქვეყნიდან, ადვოკატების ძებნას ვინ ჩივის, პატიმრების ბედი ზრდილობისთვისაც არ მოუკითხავთ! მთლად უიმედო ავადმყოფი უნდა იყო, სერიოზულად იფიქრო, რომ გვარამია-კვესიტაძე რევოლუციას მოახდენენ! ეს სხვაზე უკეთ თავად იციან, მაგრამ მათი პატრონ-დამფინანსებლებისგან დადგმულ-დაგეგმილი და ამათი ხელით ნაკეთები სისულელე რომ კიდევ კაი ხანს არ მოგვაკლდება, ნაღდია და ნამდვილი!

 

ერთი რამეცაა საინტერესო. (?!) ისტორიას არ მოსწრებია, ჟურნალისტები სადმე ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ! ესეც კიდევ ერთი ქართული „პოლიტიკური“ სიახლეა - პარტნიორების გაოცების და აქაურობაზე საბოლოოდ გულის გატეხვისთვის მოფიქრებული! დიდი კორსიკელის ნათქვამია: - როცა შენი ჯარი არ გყავს, მაშინ სხვას ჰყავს ჯარი შენთანო!

 

ასეა, როცა შენი ჯარი ისევ შორეული ოცნებაა! როცა პურს არ თესავ, სხვის სამადლო ლუკმას ჭამ! როცა შენი პოლიტიკა არ გაქვს, `ჟურნალისტებს~ გაგიპოლიტიკოსებენ!

 

მართლა დიდი ხანია, უკვე შაპიტოდ ქცეულ, ამ ოცდაათწლიან რევოლუცია-მიტინგობიაში გულწრფელსაც და სულგაყიდულსაც ყველაზე უმთავრესი საფრთხე დაგვავიწყდა! არადა, ერთი ინფორმაციით, ბოლო სამ ათეულ წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა ორმოც პროცენტზე მეტითაა შემცირებული!

 

ასეთ შემთხვევაში, თუ მზარდ ემიგრაციას გავითვალისწინებთ (წელიწადში 80-100 ათასი კაცი), ათი წლის მერე (!!!) უმცირესობაშიც აღარ ვიქნებით! ჰოდა, თუ ჩვენ არ ვიქნებით, რატომღა ვუშლით ხელს სხვის ნამოხვანს, სხვის `ლგბტ~ ინტერესს, აბსანძე-მელიების უტიფრობას და უწიგნურობას?!

 

უნდა შევუშალოთ! დრო კიდევ გვაქვს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner