logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში აისახოს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის დასჯადი
- +

5 აგვისტო. 2021. 02:12

 

 

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში აისახოს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის დასჯადი. ჩვენ ვართ მრავალკონფესიური ქვეყანა, ჩვენთან არიან მცირე მოცულობის სექტებიც, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთი რელიგიური გრძნობები. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა,  ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა „ქართულ აზრთან“ განაცხადა.

 

„ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და საქართველოს სახელმწიფოს გაფორმებული აქვთ კონკორდატი, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს სახელმწიფოში გამორჩეული როლი აქვს. ამიტომაც სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებელთა მიმართ გამოთქმული აგრესიის შეჩერებას! აუცილებელია, ეს აგრესია შეწყდეს და საზოგადოება დამშვიდდეს, რადგან ნებისმიერი სასულიერო პირის შეურაცხყოფა, იქნება ეს კათოლიკოს-პატრიარქი, მუფტი, სომეხთა პატრიარქი, კათოლიკეებისათვის რომის პაპი, იუდეველებისათვის რაბინი - ასევე შეურაცხყოფს სხვა კონფესიების წარმომადგენლებსაც.

 

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს აღნიშნული ინიციატივა დიდი ხანია, საზოგადოებაში მხარდაჭერილია და მას ახლა უკვე სჭირდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის - პარლამენტის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხარდაჭერა. კანონმდებლობაშიც და კონსტიტუციაშიც ეს აუცილებლად უნდა იყოს ასახული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ ვართ მრავალკონფესიური ქვეყანა და აქ დაცული უნდა იყოს ყველა მორწმუნის უფლება!

 

არ შეიძლება, რომ უღმერთო ადამიანები (და მე არ ვგულისხმობ ათეისტებს ან აგნოსტიკოსებს) ლანძღავდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს, ეპისკოპოსებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პატრიარქს, ეს ყველაფერი კი მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდებოდეს. ამიტომ როდესაც კანონი ამას მოაწესრიგებს, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთების, ონლაინ-გამოცემების მესვეურებს უკვე ეცოდინებათ, რომ აუცილებლად დაისჯებიან ასეთი ტიპის ლანძღვის და შეურაცხყოფების ტირაჟირებისთვის. მერე უკვე იმ ადამიანებსაც, ვისაც ამის სურვილი აქვთ, აღარ ექნებათ ფართო ასპარეზი იმისთვის, რომ საზოგადოებაში განხეთქილება გააჩინონ და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირონ. აღნიშნული კანონი საჭიროა, პირველ რიგში, საზოგადოებაში სიმშვიდის დასამკვიდრელად და ქვეყნის მშვიდად განვითარებისთვის!“, - განაცხადა მძინარაშვილმა.

 

5 ივლისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას, პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ შემდეგი რამ განაცხადა:

 

„ერის გამოწვევა ხდება. ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური, ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“.

 

 

წყარო: გაზეთი "ქართული აზრი"
 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner