logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში
- +

5 აგვისტო. 2021. 13:55

 

 

„სექტემბრამდე ჯერ კიდევ 3 კვირა გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის სპეციალური სივრცეები იქნება გამოყოფილი.

 

„მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასიური ვაქცინაციის ცენტრში დღეს პირველი ჯგუფი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში, რათა საგანმანათლებლო სექტორს და მის თანამშრომლებს ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის მინიმალური ბარიერი ჰქონდეთ.

 

შემდეგ ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამდენად, დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი, მომდევნო სამი კვირა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

ასევე, მან შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააკეთა კომენტარი. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი პრაქტიკის შემოღება არ განიხილება.

 

„ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს. ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის საკუთარი არჩევანითა და ნებით ვაქცინაცია. იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. შესაძლოა, მეტი საგანმანათლებლო მუშაობა გახდეს საჭირო თუ რაღაც შემთხვევაში ადამიანი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის გადაწყვეტილებას ვერ იღებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner