ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამის ბერკეტი არ აქვს და მათი სხვადასხვა გზავნილები მათ შორის კოალიციურ მთავრობაზე, „განცხადებებად დარჩება". საკითხზე მან „რეზონანსთან" ისაუბრა.
„როგორც შარშან, ასევე წელსაც ერთი და იგივე სურათი გვაქვს - თითქოს ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ რეალობაში დაქსაქსულია. ჩვენ 2020-ში წინასაარჩევნოდ გვახსოვს, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა საკუთარი თავი მომავალ პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა, ეს ახლაც გრძელდება.
ახლა ამ პროცესმა ცოტა უფრო ტრაგიკომიკური ხასიათი მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად, „ლელომ" და სხვა პარტიებმა თქვეს, „ნაცმოძრაობამ" მომავალ ჰიპოთეტურ, სავარაუდო კოალიციურ მთავრობაში ძალოვანი მინისტრების კანდიდატურები არ უნდა დაასახელოსო. ამითი „ლელოც" კი ირიბად აღიარებს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია ჯალათობით და მასობრივი რეპრესიებით იყო დაკავებული. სხვანაირად როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ამა და ამ პარტიას, განსაკუთრებით ენმ-ს, რომელიც ამ გაერთიანებაში ყველაზე მსხვილი პარტიაა, ძალოვანი მინისტრების დაკომპლექტება არ უნდა შეეძლოს?..
შესაბამისად, კიდევ არაერთი სხვა ფაქტორის გამო, აშკარა ხდება, რომ ოპოზიციას ფსევდოერთიანობა აქვს და როგორც საზოგადოების ძირითად ნაწილში არიან აღქმულნი, ისინი მხოლოდ თანამდებობებისთვის იბრძვიან და არა საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მაგალითად როდესაც ბოიკოტს აცხადებდნენ და ამ დროს თანამდებობები მოითხოვეს კომიტეტებში.
რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციას ამის რაიმე ბერკეტი გააჩნდეს. იქიდან გამომდინარე, რომ წინა არჩევნები არანაირად არ გაყალბებულა. ეს დაამტკიცეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. რის საფუძველზე უნდათ ვადამდელი არჩევნები, ე.წ. საქნციები და იზოლაცია? ეს მხოლოდ მათი ილუზიები და აუსრულებელი ოცნებებია.
ასე რომ, არ გაუკვირდეს საზოგადოებას, რომ ოპოზიციის ეს გზავნილები ვადამდელ არჩევნებზე და კოალიციურ მთავრობაზე ფიქციად დარჩება და მხოლოდ მათ განცხადებებში იარსებებს, რომლებიც ტელესივრციდან მოდის. ესაა სამწუხარო რეალობა და სამწუხაროა იმიტომ, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, რომლითაც დემოკრატიას უფრო მეტი სარგებელი ექნება და არა არეულობაზე, ქაოსზე ორიენტირებული ძალებისგან.
დიდი ალბათობით ეს სამწუხარო რეალობა გარკვეული პერიოდი იქნება. შემდეგ შეიცვლება, რადგან შეუძლებელია, რომ არაკონსტრუქციული პარტიები პოლიტიკურ ველზე დიდხანს დომინირებდნენ. ადრე თუ გვიან კონსტრუქციული, ამჟამად პატარა, მაგრამ მომავალში მსხვილი, საქმეზე ორიენტირებული დიდი ოპოზიციური პარტიები იმძლავრებენ," - განაცხადა გია აბაშიძემ," - განაცხადა აბაშიძემ.