„შეშფოთებული ვართ სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო გაძლიერებით. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვართ თვითმხილველი, როგორ ახორციელებს რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ თავის სტრატეგიას, რომლის მიზანია ექსკლუზიური გავლენის სფეროების გაფართოება რეგიონში, რომელსაც თავის შემოგარენად მიიჩნევს და სურს, დასავლეთს გამოსძალოს არალეგალურად შექმნილი ე.წ. ახალი რეალობის აღიარება,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი“.
„2008 წელს საქართველოში ინტერვენცია, შემდგომი ოკუპაცია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება, ყირიმის ანექსია 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაცია, ასევე რუსეთის ჰიბრიდული ომი და უამრავი პროვოკაცია სამეზობლოში წარმოადგენს დესტრუქციული სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ლაშა დარსალიას თქმით, მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ამერიკელ და NATO-ელ პარტნიორებთან რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
„საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად რეგიონში, რომელიც ჯერ კიდევ მტკიცედ უწევს წინააღმდეგობას რუსეთის ზეწოლას და განუხრელად მიჰყვება NATO-ს გზას. ამ მნიშვნელოვან, თუმცა მღელვარე რეგიონში საქართველო არის საიმედო და უნარიანი მოკავშირე აშშ-სთვის და ზოგადად დასავლეთისთვის. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება, აშშ-ის პოლიტიკური ჩართულობა, სამხედრო და ეკონომიკური წარმომადგენლობა რეგიონში, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარება იქნება ერთადერთი სტრატეგიულად საიმედო ნაბიჯი როგორც საქართველოსთვის, ისე დასავლეთისთვის და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი რეგიონში ამჟამად არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
„წლების განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს NATO-ში ინტეგრაციის პროცესში და განვავითარეთ ყველაზე ყოვლისმომცველი პრაქტიკული თანამშრომლობა ალიანსთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არა საკმარისი. ახლა გვჭირდება პერსპექტიული აზროვნება და თამამი სტრატეგიული გადაწყვეტილებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური განზომილების გასააქტიურებლად. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული განვითარების ხელშესაწყობად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.