შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი.
ბაღდათის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – გოგა კბილაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. კბილაშვილი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან მსჯავრდებული. აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს „ფეიკ-ნიუსის“ კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია.
მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.