„არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის უარს შეეხებოდა.
ელჩმა 19 აპრილის შეთანხებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში.
„ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა ამას ექვსი თვე, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ის ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და იყო კიდეც. ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში. 19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება იყო ის, რომ ის იყო მრავალპარტიული შეთანხმება. საქართველოს თითქმის ყველა ლიდერმა მოაწერა მას ხელი, ყველა მათგანი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ გზამკვლევში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩოს რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომავალში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.