„ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცვლად იმისა, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს სტაბილურობა უზრუნველეყო, პოლიტიკურ ველზე გამოყენებულ იქნა დამატებით მექანიზმად იმისთვის, რომ დესტაბილიზაციისა და რევოლუციური განწყობების სტრატეგია განვითარებულიყო,“ - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ისეთი ვითარება იქნება, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი გადაწყვეტს.
„არავინ დარჩება გულგრილი იმის მიმართ, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა და პერსპექტივა ჰქვია, მით უფრო პანდემიის საშიში გავრცელების პირობებში. ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური თვითშეგნება და პოლიტიკური კულტურა გაცილებით მაღალია და მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ პოლიტიკური სუბიექტების სურვილებს, რომლებიც საქართველოში მდგომარეობის შერყევას ცდილობენ. გამომდინარე აქედან, საზოგადოება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტებზე გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამასთან, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაში გაწერილ რიგ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება.
„ბოლომდე მისაყვანია სასამართლო რეფორმა. იქნება მსჯელობა პარლამენტის კომიტეტების გადანაწილების თემაზე, რაც მსოფლიოში პოზიტიური პრაქტიკაა, მაგრამ თუ ამან შედეგი არ მოიტანა და სიტუაციის უფრო არევის მიზანს ემსახურება, არ მგონია, ამაზე ვინმეს პოზიტიური შეხედულება ჰქონდეს - იქნება ეს ჩვენი მოქალაქე თუ აშშ-ს ელჩი", - დასძინა გიორგი ვოლსკიმ.