„ასეთი ტიპის გზავნილები რუსეთის მხრიდან ქართველებს ადრეც მოუსმენიათ, თუმცა საქართველომ ეს განცხადება სერიოზულად რომ აღიქვას, რუსეთმა პირველ რიგში უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან,“ - ასე აფასებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.
დეგნანის განცხადებით, დიალოგისა და მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო ფორმატით მოლაპარაკებების განხორციელება იქნება.
„მათ უნდა წაიღონ უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გახსნან ხელმისაწვდომობა ჰუმანიტარულ დერეფნებზე ამ რეგიონებში. დიალოგისთვის და ასეთი საკითხების გადასაწყვეტად არსებობს მექანიზმი - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკებების განხორციელება იქნება ნაბიჯი ამ საკითხების მოსაგვარებლად თუ გადასაჭრელად, ეს არის ის ძირითადი წინაპირობა რის გარეშეც ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.
„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვმა.