logo_geo
eng_logo
ლერი ხაბელოვი: რიოში რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ
- +

23 ივლისი. 2016. 11:55


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა, რომ „ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში".


„შორეულ ბრაზილიაში შეჯამდება სპორტული ოთხწლეული, ჩვენი სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაო. ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ, 39 ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

 ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში. ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია, თითოეულმა ჩვენმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, მზადყოფნაში შეხვდეს ოთხწლეულის ყველაზე დიდ შეჯიბრებას.

 

ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ძალისხმევა, ამ წლების განმავლობაში იქითკენ იყო მიმართული, რომ მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტირებული ოლიმპიური გუნდი შეგვეკრა. ამისთვის არ დაგვიშურებია არც ენერგია, არც მონდომება და არც სახსრები და ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთნელებს მოსამზადებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნოდათ. ახლა ჯერი მათზეა", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

 

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი სპორტსმენი სულ 13 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner