„19 წლის გავხდი დედა და 2 წლის იყო ჩემი შვილი, მარტომ რომ დავიწყე ცხოვრება. დედაჩემმა ორივე ერთად გაგვზარდა. რთული გადასაწყვეტი იყო ბავშვის გარეშე წასვლა და ბოლოს გულმა საფრანგეთისკენ გამომიწია, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე“, - ამის შესახებ მწერალმა და ჟურნალისტმა დინა მირცხულავამ ჟურნალ „სარკესთან“ მის განვლილ ცხოვრებაზე საუბარისას განაცხადა.
„ქედს ვიხრი იმ დედების წინაშე, ვინც ემიგრაციაში მიდიან და ბავშვებს ტოვებენ. ვფიქრობ, ისინი არიან თანამედროვე გმირები, ჩუმი გმირები. როცა დადგა საკითხი, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან. ვფიქრობდი, რომ წავიდოდი სამუშაოდ იტალიაში, საბერძნეთში, სადაც მუშახელი სჭირდებათ, მაგრამ გამიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ შვილი დამეტოვებინა. 19 წლის გავხდი დედა და 2 წლის იყო ჩემი შვილი, მარტომ რომ დავიწყე ცხოვრება. დედაჩემმა ორივე ერთად გაგვზარდა. რთული გადასაწყვეტი იყო ბავშვის გარეშე წასვლა და ბოლოს გულმა საფრანგეთისკენ გამომიწია, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე.
ძალიან ჭირს, ევროპის სასამართლოს დააჯერო, რომ ნამდვილად პოლიტიკურად იდევნები შენს ქვეყანაში და 2 წელი ძალიან რთული გზა გავიარე. სასამართლოები, ადვოკატები... საბოლოოდ კი მოვიგე სასამართლო და ათწლიანი საბუთი გვაქვს, რითაც შეგვიძლია მუშაობაც, სწავლაც და ლეგალური ცხოვრებაც ამ ქვეყანაში. ჩემი შვილიც შეეჩვია ამ ყველაფერს და ვთვლი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მასთან ერთად რომ წამოვედი“, - განაცხადა დინა მირცხულავამ.