„საზოგადოება მოითხოვს, რომ ან მისიანი უნდა იყო, ან იმისიანი. ეს რადიკალიზმი ვისაც არ შეგვიძლია, ვართ პირმოკუმულები“, - ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ მწერალმა და ჟურნალისტმა დინა მირცხულავამ განაცხადა.
„ძალიან საშიში გახდა ქართული სოციალური სივრცე. ჩემს მეუღლესაც კი ვუთხარი, ღმერთი არ გაგიწყრეს და რომელიმე მხარის საპირისპიროდ რამე არ დაწერო-მეთქი.
მაგალითად, მე თუ არ მინდა ამერიკა, ცალსახად ნიშნავს მათთვის, რომ მომწონს რუსეთი. თუ არ მომწონს ,,ქართული ოცნება", ეს ნიშნავს, რომ ვარ ნაციონალი და პირიქით. ეს პროვინციული აზროვნებაა. საზოგადოება მოითხოვს, რომ ან მისიანი უნდა იყო, ან იმისიანი. ეს რადიკალიზმი ვისაც არ შეგვიძლია, ვართ პირმოკუმულები.
ახლა ერთ ცნობილ ბიჭს, რომელიც კარგად წერს, ამოუქექეს, 17-18 წლის ასაკში როგორ ფლირტაობდა ვიღაც გოგონებთან. იმ საზოგადოებამ, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და მილიონობით ნახვა ჰქონდა მის ნოველებსა თუ ფოტოებს, ჩაქოლა. ამის მეშინია. ნათქვამია, თუ ხელისგულზე გატარებენ, გეშინოდეს, რადგან თითებს შორის უფსკრულიაო. ქართული ხასიათია _ ავიყვანთ ადამიანს სიმაღლეზე და მერე გადმოვაგდებთ. გადმოვარდნის ძალიან მეშინია და მირჩევნია, მშვიდად და წყნარად ვიყო. ქართველი ფეისბუქტროლები თუ რა ვიცი, რა ჰქვია ამ საზოგადოებას, ვერ იტანენ წარმატებულ ადამიანებს და მათ, ვინც სხვებს უყვართ“, - განაცხადა დინა მირცხულავამ.