logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ასეთი კაცია დათო კომლაძე, ტყის დამლაგებელი კაცი!..
- +

8 აგვისტო. 2021. 16:06

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თავისი მეგობრის დავით კომლაძის შესახებ, რომელიც ზურგოვანას ტყის დასუფთავებას ცდილობს

 

„კაცი ალაგებს ტყეს!

 

ნაგვის გატანის და ქალაქის დასუფთავების თემა რაკიღა აქტუალურია, ერთი ნამდვილი ამბავი ასეთიც მოისმინეთ:

 

 იმ დღეს ჩემი სიყრმის მეგობარს დათო კომლაძეს დავურეკე, რას შვრები-მეთქი?

 

ტყეს ვალაგებო!

 

რა-მეთქი?

 

ტყეს ვალაგებო!

 

რა ტყეს ალაგებ, ბიჭო?

 

ტყეს ვასუფთავებ, ნაგავი გამაქვს!

 

ვაახ!

 

როგორც გამოვკითხე, ულაგებია და უსუფთავებია ზურგოვანას ტყე, დიდი დიღმის თავზე როა!

 

მარტოს კი არ ექნა, ცოლ-შვილიც წაეყვანა და იმათთან ერთად ელაგებინა და ესუფთავებინა ეს ჩვენი ზურგოვანა.

 

ნახეთ: თავისი ტყე კი არა, ჩემი, შენი, იმისი, ვიღაცის ბიძაშვილისა და ყვავი-ჩხიკვის მამიდის ტყე, ქალაქის ტყე, ყველას ტყე.

 

მიმდგარიყო და ელაგებინა.

 

მერე გამაფრთხილებელი და შემაგონებელი აბრებიც გაუკრავს, სადღაც გულის კუთხეში მიყუჟული გულუბრყვილო იმედით, რომ ჰომო-საპიენსები მომავალში მაინც შეიკავებენ თავს ქალაქის ფილტვების ორმხრივად დაპნევმონირებისაგან.

 

ახლა რა უნდა ვთქვა, „ტყე შეუნახე შვილებსა“ და ამისთანა ბანალური ჭეშმარიტებანი?

 

ეს ისედაც ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ვალია, მაგრამ ძალიან ცოტანი აღვასრულებთ. კომლაძე დავით ბადრის ძე კი, სამი შვილის მამა, იმ ძალიან ცოტაში ურევია.

 

კაცი, რომელიც ტყეს ალაგებს.

 

ცოტა სიზიფესავით კაცი, რომელიც, კამიუდან თუ ავიღებთ, იმედგაცრუებას არ ეპუება და თვითონვე აკეთებს არჩევანს, ყოველ ჯერზე ისევ სცადოს ლოდის მთაზე ატანა.

 

ასეთი კაცია დათო, ტყის დამლაგებელი კაცი. ეს კი კოჯრის ტყის სიზმარი არ არის, არამედ - ზურგოვანას ტყის რეალობა“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner