logo_geo
eng_logo
ერევანში პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა
- +

23 ივლისი. 2016. 13:02


ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა. ამ დროისთვის თავდამსხმელებს კვლავ ჰყავთ მძევლად აყვანილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.



ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფი მზად არის, აღნიშნული პირებიც გაათავისუფლოს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება.



დღეს ორი პოლიციელი ყველანაირი პირობის გარეშე გაათავისუფლეს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელსაც პოლიცია და ეროვნული უშიშროების სამსახური დაიცავს, 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება. ამის შემდეგ ისინი გაათავისუფლებენ გენერალსა და პოლკოვნიკს. ეს არ არის გაცვლა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთობლივად, ჩემი შუამავლობით გადავდგით", - განაცხადა ვიტალი ბალასანიანმა.



შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.



18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner