„ჩემთვის ყველაზე ემოციური დღე იყო, ვყოფილიყავი ცხინვალში. იქ ყოფნა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო“, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
მან აგვისტოს ომის პერიოდში ცხინვალში შესვლა გაიხსენა, როდესაც ქართველი სამხედროები ქალაქის დიდ ნაწილს რამდენიმე დღე აკონტროლებდნენ.
„ემოციურად ყველაზე მძიმე დღე ცხინვალში ყოფნის დღე იყო, როდესაც ცხინვალში შევედით და ვაკონტროლებდით. ეს რა თქმა უნდა, განსხვავებული შეგრძნება იყო. ის, რაც შენია, შენი ხდება და ამაში იღებ მონაწილეობას. მჯერა, რომ ეს არის ყველა სამხედრო მოსამსახურის ოცნება - მოხდეს იმ ტერიტორიების მშვიდობიანად შემოერთება. თუმცა, იმ მომენტში, 2008 წლის აგვისტოში, ჩემთვის ყველაზე ემოციური დღე იყო, ვყოფილიყავი ცხინვალში. იქ ყოფნა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო, როდესაც ჩვენი დროშა იყო აღმართული და ქვედანაყოფი აკონტროლებდა ცხინვალის დიდ ნაწილს.
პასუხისმგებლობა, რომ ცხინვალი ჩვენი ყოფილიყო, სამწუხაროდ, რამდენიმე დღე გაგრძელდა. მერე ამას ახლავს ყველა ის ცუდი მოსაგონარი, რაც შემდეგ უკან დახევისა და დაბრუნების ოპერაციებს თან ახლდა“, - განაცხადა პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა.