ტარაგონას „ხიმნასტიკის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.
კატალონიური ვებ-გვერდის lesportiudecatalunya.cat-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების 21 წლის შუახაზელით, არც მეტი - არც ნაკლები, „სევილიაა" დაინტერესებული და მზადაა, „ხიმნასტიკს" აბურჯანიას გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია „ხიმნასტიკში" გასულ სეზონში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ანორთოსისიდან" გადავიდა და მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ადგილობრივი მედია იმასაც წერდა, რომ როდესაც გიორგი მოედანზეა, მისი გუნდი არ აგებს.
„ხიმნასტიკი" ლა ლიგაში გადმოსვლასთან ახლოს იყო, თუმცა პლეი-ოფში მარცხი განიცადა და ქვეყნის მეორე ლიგაში დარჩა. რაც შეეხება „სევილიას", კლუბმა გასულ სეზონში ევროპა ლიგა კვლავ მოიგო, ლა ლიგაში კი მე-7 ადგილს დასჯერდა. ანდალუსიელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, უეფა-ს სუპერთასის მატჩში კი მადრიდის „რეალთან" მოსინჯავენ ძალებს.