logo_geo
eng_logo
მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
- +

9 აგვისტო. 2021. 12:07

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდეა.

 

მათი ინფორმაციით, განახლებული ინფრასტრუქტურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ დაათვალიერეს.

 

„დასრულდა ენგურზე გამავალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც აკავშირებს დარჩელისა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აღსანიშნავია, რომ ადრე არსებული ხიდი რკინის კონსტრუქციით იყო ამორტიზებული და სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, ხოლო ახალი ხიდი არის ორზოლიანი, რომელიც მოიცავს საფეხმავლო ბილიკებს ორივე მხარეს და ამ მშენებლობით ჩვენ გადავწყვიტეთ უმნიშვნელოვანესი საავტომობილო ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც აწუხებდა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ვიზიტორებსაც, ვინაიდან ეს გახლავთ საკურორტო ზოლი და აქედან გამომდინარე ჩვენს მოსახლეობას და ვიზიტორებს აქვთ საშუალება კომფორტულად იმგზავრონ“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ამჯერად ვიმყოფებით განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა. ხიდის პარამეტრები სრულად აკმაყოფილებს იმ მობილობის სიმძლავრეებს, რომელიც ხორციელდება ზუგდიდიდან-განმუხურის მიმართულებით“,- აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner