დღიდან, მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა კაფეში წასვლა ან მატარებლით მგზავრობა, დაშვებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც COVID-პასპორტი აქვს. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ მისი მფლობელი კორონავირუსზე აცრილია, გამოჯანმრთელდა ან ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს. ინფორმაციას DPA ავრცელებს.
უფრო მკაცრი წესები, რომელიც ასევე 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის მუშაკების აცრას ითხოვს, ძალაში ნოემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება და 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირზე ვრცელდება.
12-დან 17 წლამდე მოზარდებს ასეთი მტკიცებულება 30 სექტემბრიდან მოეთხოვებათ.
რესტორნები, საქალაქთაშორისო ავტობუსები, თვითმფრინავები, ბაზრობები და ჯანდაცვის დაწესებულებები ის ადგილებია, სადაც ახლა ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენაა საჭირო.
ივლისის შუა რიცხვებიდან ციფრული ჯანმრთელობის პასპორტი უკვე საჭიროა კინოთეატრის, მუზეუმის ან მსხვილი ღონისძიებებისთვის.
შაბათ-კვირას ამ ზომების საწინააღმდეგო ბოლო საპროტესტო აქციაში 200,000 -ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მასობრივი საპროტესტო აქციები ყოველ შაბათ-კვირას მას შემდეგ იმართება, რაც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციები გამოაცხადა.
საფრანგეთში ამ დროისთვის ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მოსახლეობის 63%-მა (67 მილიონი ადამიანი) გაიკეთა, ნახევარზე მეტი კი სრულად არის აცრილი.