„კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, ინვესტორების კეთილგანწყობა და ნდობა გვაძლევს საშუალებას, რომ პრივატიზაცია დავაჩქაროთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, აქტიური პრივატიზაციის საბოლოო მიზანი სამუშაო ადგილების შექმნაა.
„პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ინვესტორებს დღეს უკვე შევთავაზეთ ქონებების მთელი რიგი. ესაა, ჯამში, 90 მილიონზე მეტი ღირებულების პაკეტი. აქაა როგორც მიწები, ისე ქონებები და რამდენიმე გაჩერებული სახელმწიფო საწარმოს წილები. ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. ჩვენი მთავარია ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც დღემდე გაჩერებულია, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს, დოვლათი შექმნას და ადამიანები დაასაქმოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, კერძო სექტორს მომდევნო საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს.