logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია
- +

9 აგვისტო. 2021. 13:53

 

 

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია - რთულია წინასწარ ვიცოდეთ, რა რეზულტატით წარიმართება და დასრულდება განხილვის პროცესი,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, მმართველი პარტიის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა.

 

სარჯველაძის თქმით, ყველაფერი განხილვების მიმდინარეობაზე და განხილვის შედეგად წარმოდგენილ პოზიციებზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პოზიციების შეჯერების საფუძველზე მიიღება.

 

„საკონსტიტუციო ცვლილებები წარდგენილია. პროცედურა საყოველთაო-სახალხო განხილვის გამართვას ითვალისწინებს, რომელიც რეალური განხილვა უნდა იყოს. შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება პოზიციები, არგუმენტები, მოსაზრებები. გადაწყვეტილებები ამის შეჯერების საფუძველზე მიიღება და არა ისე, როგორც ეს ოპოზიციას უნდა, რომ დისკუსიები წინასწარ განსაზღვრული შინაარსით დამთავრდეს და წინასწარ იყოს ცნობილი, როგორ დამთავრდება განხილვები. ეს სწორი მიდგომა არ არის. ოპოზიციის სურვილია, საყოველთაო-სახალხო განხილვა ფორმალისტურად ჩატარდეს და ფორმალისტური განხილვის შემდეგ ის რეზულტატი ჰქონდეთ, რასაც ისინი უჭერენ მხარს. ინიციატივის წარდგენა და მასზე ხელმოწერა იმას არ ნიშნავს, რომ განხილვის პროცესში არ იქნება დისკუსია, მხედველობაში არც ერთი გარემოება არ მივიღოთ და წინასწარ, კონსტანტასავით უცვლელი დარჩეს პოზიციები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის.

 

ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner