„პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი თუ 90%-მდე გაიზრდება, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს,“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პირბადე ისევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმია, რომლის გამოყენების აღსრულება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს პირბადის გამოყენების 51%-იან მაჩვენებელზე ვართ. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და მისი გამოყენების აღსრულება ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.