logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში
- +

9 აგვისტო. 2021. 14:58

 

 

საგარეო უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა, რომელიც 2021 წლის 9 აგვისტოს გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო.

 

„13 წლის წინ ჩვენ ამ ქვეყანაში ვიხილეთ რუსეთის შეტევა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე და ევროპის კონტინენტზე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ყირიმის ანექსია, მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება სხვა ქვეყნებშიც,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, რუსეთის ამგვარმა ქმედებებმა და აგრესიამ თავდაყირა დააყენა ევროპული უსაფრთხოების სისტემა და დესტაბილიზაციის კერები შექმნა შავი ზღვის რეგიონში.

 

„მნიშვნელოვანია, რომ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მისცა 13 წლის წინანდელ მოვლენებს და იურიდიულად დაადგინა რუსეთის, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე ოკუპაციის შემდგომ პერიოდში,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

გამოსვლისას, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად შექმნილ გამოწვევებზე როგორც მთელი საქართველოს, ისე კონკრეტულად აფხაზეთისა და ოსეთის მკვიდრი მოსახლეობისთვის.

 

„ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეები ვერ ეზიარებიან საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, პირველ ყოვლისა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს ქვეყნის დემოკრატიზაციას, განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - განმარტა ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით: „სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.“

 

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება.

 

„ჩვენ ახლახანს დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი - შევქმენით სამთავრობო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს იქნება საერთო ეროვნული პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან არამხოლოდ სახელმწიფო უწყებები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, არამედ ფართო საზოგადოება - კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აკადემიური წრეები, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯგუფები,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner