logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების სივრცედ
- +

9 აგვისტო. 2021. 15:45

 

 

„ათი წლის შედეგად გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერი სახელმწიფოს როლი“, - დავით ზალკალიანმა სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის - „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორინეტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა - 10 მიზანი“ წარდგენისას ისაუბრა.

 

მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული და ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარებით, ახალი ინიციატივებისა და პლატფორმების შექმნით, მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური ჩართულობით და შედეგად, არსებული უთანხმოებების დაძლევით, სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების სივრცედ.

 

მისივე თქმით, ამ პერიოდში დასრულდება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია და საქართველოს უზრუნველყოფილი ექნება სტაბილური და მაღალი დონის სატრანზიტო ფუნქცია.

 

როგორც დავით ზალკალიანმა პრეზენტაციისას აღნიშნა, საგარეო უწყების მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული ახალი რეგიონული ინიციატივების წამოჭრასა და განხორციელებისთვის, მათ შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის ჩამოყალიბებისთვის დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და რეგიონში მშვიდობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის სივრცის შექმნისთვის. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის ორმხრივი/მრავალმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ახალ ნიშნულზე გადაყვანის აუცილებლობას.

 

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროცესების შემდგომი განვითარებასა და გაღრმავებაზე დასავლელი პარტნიორების ჩართულობით. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია რეგიონის ქვეყნებთან არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, ახალი ერთობლივი რეგიონალური ეკონომიკური ღონისძიებების და პროექტების ინიცირება-განხორციელება, სამეცნიერო, კულტურული და ხალხთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.

 

გარდა მეზობელი ქვეყნებისა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პირველმა დიპლომატმა სხვა რეგიონების სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„ცხადია, 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს ასევე ურთიერთობების განვითარება-განმტკიცებას აზიის და ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებთან, მათ შორის გაწერილია კონკრეტული ამოცანები კანადასთან, ავსტრალიის თანამეგობრობასთან და ახალ ზელანდიასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იაპონიასთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, ყურის ქვეყნებთან, ოკეანეთის კუნძულოვან სახელმწიფოებთან, არაბული ქვეყნების ლიგასთან, აფრიკის კავშირთან თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციაზე და ამ კუთხით ქვეყნის სამომავლო გეგმებზე. ზალკალიანის განმარტებით, მომდევნო ათი წლის მანძილზე უნდა მოხერხდეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობის გაჩენა დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, კონფლიქტის დარეგულების რეალური პროცესის დაწყებით.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებსა და პოზიციონირებას საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 

„აქ ჩვენი მიზანია - ქვეყნის ინტერესების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/განმტკიცება; საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოჩენა და გლობალური საკითხების გადაჭრაში აქტიური ჩართულობა; ქვეყნის ამაღლებული საერთაშორისო პრესტიჟი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუტებსა და ორგანოებში მაღალი და ეფექტიანი წარმომადგენლობის გზით“, - განმარტა მინისტრმა.

 

რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრისას დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ათი წლის პერსპქტივაში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის დაწყება და შედეგად, 10 წლის შემდეგ, ამ კუთხით საქართველოს ლიდერად ქცევა რეგიონში და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის დამკვიდრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner