logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოს მიზანი ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანაა
- +

9 აგვისტო. 2021. 15:46

 

 

„საქართველოს მიზანია ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანა,“ - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა საგარეო სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენის დროს განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, მომავალი 10 წლის შედეგად საქართველომ ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანის კუთხით არსებით შედეგებს უნდა მიაღწიოს.

 

ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელი იქნება თანამშრომლობის ფართო სპექტრი ევროპულ ქვეყნებთან, არსებული სტრატეგიული ფორმატების სრულფასოვნად გამოყენება, ასევე, ახალი მექანიზმების დანერგვა და ბევრ ქვეყანასთან დღეს არსებული ურთიერთობების სტრატეგიულ ჭრილში აყვანა, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისათვის პოლიტიკურად მხარდამჭერი ქვეყნების წრის გაფართოება.

 

მინისტრის განცხადებით, კონკრეტული ამოცანებია: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობის განვითარება; საფრანგეთის რესპუბლიკასთან „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის“ ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავება; ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის როგორც ღირებული ინსტრუმენტის, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება; გაერთიანებულ სამეფოსთან „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესაძლებლობების სრულად ათვისება; ორ ქვეყანას შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის გაფართოება.

 

ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე საუბრისას, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ნორდიკულ, ბენილუქსის ქვეყნებთან და შვეიცარიასთან მზარდი დინამიკის შენარჩუნება და თანამშრომლობის ახალი, პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთა; სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად ათვისება და ახალ ნიშნულზე გადაყვანა; ბალტიის ქვეყნებთან ტრადიციულად მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება; ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებთან (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) ურთიერთობების გაღრმავება; საქართველო-პოლონეთის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება; უკრაინასთან ურთიერთობების მხრივ, საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მიმართულებების ამოქმედება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენება.

 

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner