„საჯარო სექტორში ხელფასები უნდა იყოს კონკურენტული იმ ხელფასებისა, რაც არის კერძო სექტორში. უბრალოდ წარმოუდგენელია, ქალაქის მერს მოსთხოვო მუშაობა მაშინ, როდესაც მისი ხელფასი არის 2000 ლარი“, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ საჯარო მოხელეების და მერების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება.
სამხარაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ ასევე გაიზარდოს საჯარო სექტორის ხელფასები და ეს არ უნდა აღიქმებოდეს როგორც ვინმეს წახალისება, ან წინასაარჩევნო პროგრამა.
„2012 წლიდან მხოლოდ 2 წელი იყო როდესაც არჩევნები არ ტარდებოდა, შესაბამისად, 7 წელი არაფერი არ უნდა გვეკეთებინა, რომ ეს არ აღქმულიყო როგორც ვინმეს წახალისება, ან წინასაარჩევნო პროგრამა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. საჯარო სექტორში ხელფასები უნდა იყოს კონკურენტული იმ ხელფასებისა, რაც არის კერძო სექტორში. უბრალოდ წარმოუდგენელია, ქალაქის მერს მოსთხოვო მუშაობა მაშინ, როდესაც მისი ხელფასი არის 2000 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ ასევე გაიზარდოს საჯარო სექტორის ხელფასები, თუ ეკონომიკა მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.